კობუს სვანეპული დაიბადა იოჰანესბურგში (სამხრეთ აფრიკა). ჩელოს დაკვრა ექვსი წლისამ დაიწყო. 1994 წელს წარჩინებით მიიღო მუსიკის ბაკალავრის ხარისხი და 1996 წელს BMus Honores პრეტორიის უნივერსიტეტში. 1996 წლიდან სწავლობდა პროფ. იოჰანეს გორიცკისთან დიუსელდორფის რობერტ შუმანის სახელობის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში, რომელიც 1998 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა და ახლა იქვე განაგრძობს მაგისტრატურას, 2003 წელს კი ვინტერტურ-ციურიხის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში სოლისტის დიპლომი მიიღო თომას გროსენბახერთან. კობუს სვანეპული სოლო ჩელისტად მუშაობდა მიუნხენისა და ციურიხის კამერულ ორკესტრებში, სანკტ-გალენის სიმფონიურ ორკესტრში, ციურიხის კამერატაში, რაინის ნოისის გერმანულ კამერულ აკადემიაში, ფორალბერგის სიმფონიურ ორკესტრში, Salzburg Chamber Soloists-ში, ზალცბურგის კამერულ ფილარმონიასა და მაინცის კამერულ ორკესტრში. არის პირველი პრიზების მფლობელი შემდეგ კონკურსებში: Kiwanis Wettbewerb, SASOL Music Prize, JCI Jim Joel Music Scholarship Competition, Prelude Competition, University of Natal 75th Aniversary Music Prize Competition.